“როგორც ცნობილია, თბილისში, 2013 წლის 02 იანვარს, დაახლოებით, 01:15 საათზე, შეშელიძის ქუჩაზე, №31 ელგანათების ბოძის მიმდებარედ, ავტომობილი „ბმვ 528 I” ასფალტის მოყინულ ზედაპირზე მოცურდა, დაკარგა მართვა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ქვეითად მყოფ თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილს და ასევე ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა, რის შემდეგაც, “ბმვ “-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, გიორგი თექთუმანიშვილი გადაყვანილი იქნა აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი გიგაური გადაყვანილი იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა ამჯერადაც მძიმეა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგენილი იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი მძღოლი კარლო თ. რომელმაც დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის საფუძველზეც, იგი დაკავებული იქნა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ გიორგი თექთუმანიშვილს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც თავად იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა.
როგორც გაირკვა, შეშელიძის ქუჩაზე ორივე ავტოავარია სავალი ნაწილის მოყინვამ გამოიწვია.
გამოძიებით ირკვევა, რომ გიორგი თექთუმანიშვილმა მის მეწყვილესთან ერთად, და ასევე, ამ რაიონში მოძრავმა სხვა საპატრულო ეკიპაჟებმა, მოყინული გზის შესახებ, შესაბამისი რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, მერიის ცხელ ხაზს 6-ჯერ აცნობეს, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურს არცერთ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
შეშელიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე, ღამით, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში ავტოავარიის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს.