მათ დილიდანვე ჩაკეტეს შენობის შესასვლელი, რის გამოც, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ.დღეს სამ საათზე დაგეგმილი იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა, რომელზეც, სავარაუდოდ, გამგებლობის კანდიდატს შეარჩევდნენ. აქციის ორგანიზატორები, შენობის პიკეტირებით, შეეცადნენ ჩაეშალათ სხდომა და დაებლოკათ კანდიდატი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გია ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ შენობის პიკეტირება მანამდე გაგრძელდება, სანამ მთავარი მიზანს არ მიაღწევენ _ კომისია დაშლილად არ გამოცხადდება. ფირცხალაიშვილისა და მისი თანამებრძოლების აზრით, ეს კომისია მხოლოდ ერთი კანდიდატის მხარდასაჭერადაა შექმნილი. ეს კანდიდატი კი, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, საქართველოს პარლამენტის წევრის, თემურ ჩხაიძის მიერ მხარდაჭერილი ზაზა ურუშაძეა. ამ აზრს ეთანხმება კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე და მეორე ტურში გადასული კანდიდატი, რომან ბიწაძეც. იგი თავდაპირველად კომისიის წევრი იყო, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ლანჩხუთის ყოფილი გამგებლის, გია გოგუაძის გავლენის ქვეშ მყოფი კომისია იმის გამო დატოვა, რომ იგი მხოლოდ ერთი კანდიდატის გასაყვანად იყო შექმნილი. _ ,,მე ვიცი, რომ კომისიაში დარჩა შვიდი კაცი. ეს არის ნახევარზე ნაკლები. ისინი ამბობენ, რომ სამიც რომ დარჩეს, მაინც შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ნორმაში გამქრალი აბსურდი. არსებობს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, რომელშიც წერია: თუ კომისიაში დარჩება მისი რაოდენობის ნახევარი, იგი კარგავს უფლებამოსილებას. ისინი აკეთებენ იმას, რა დავალებაც აქვთ მიღებული. დაუფარავად საუბრობენ თემურ ჩხაიძისა და გია გოგუაძის ფარულ თანამშრომლობაზე. მე არ ვიცი, აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის გარიგება, თუმცა ამ კომისიის მუშაობით კარგად გამოჩნდა, რომ მათ საერთო მიზნები ამოძრავებთ“, _ ამბობს ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას ბიწაძე.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved