ასევე გაუქმდა კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგები. დღეს ორ საათზე გამგეობის შენობის პიკეტირება შეწყდა, რადგან აქციის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. აქციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, გია ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა შესრულებულია. “პიკეტი იმიტომ დავიწყეთ, რომ არალეგიტიმური კომისიის დაშლისთვის მიგვეღწია. მაქვს ინფორმაცია, რომ წუხელ შუაღამემდე იყვნენ შეკრებილები რევაზ ჩიტიძესთან სახლში და გამოსავალს ეძებდნენ. ჩვენ ვადაც მივეცით მათ. ეს ვადა დღეს 12 საათზე იწურებოდა. ათი წუთით ადრე ჩვენთან მოვიდა საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ძიძიგური და ითხოვა, შეგვეშვა გამგეობის შენობაში. ეს მოთხოვნა შევასრულეთ. მათთან ერთად შენობაში შევიდა რომან ბიწაძეც, რომელმაც იქედან კომისიის დაშლის აქტი გამოიტანა. კომისია დატოვეს “ნაციონალმა’’ წევრებმა. გია ფირცხალაიშვილის ინფორმაციით, კომისიაში დარჩა ოთხი მოქმედი წევრი, თავმჯდომარე ზვიად აფხაზავა, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი გეგიაძე, ოთარ ჩხაიძე, რომელიც ასევე დეპუტატის ბიუროსთან შეთანხმებით შეიყვანეს კომისიაში და ნუნუ ღლონტი. იგი ადგილობრივი გაზეთის, „ლანჩხუთის მოამბის“ რედაქტორია. მართალია, ლანჩხუთის გამგეობის შენობის პიკეტი შეწყდა, მაგრამ საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს. გია ფირცხალაიშვილი აღნიშნავს, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის _ “გურია კრიმინალი ნაციონალების გარეშე“ _ დამფუძნებელია და აქციებს მანამ გააგრძელებს, სანამ რეგიონი მთლიანად არ გათავისუფლდება “ნაციონალური“ ნარჩენებისგან.