შეხვედრას დაესწრო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე, მინისტრის მოადგილეები ლევან დოლიძე, თამარ ქაროსანიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის მიზანი თავდაცვის უწყების მაქსიმალური გამჭვირვალობის მისაღწევად არასამთავრობო სექტორისთვის სამომავლო მექანიზმების გაცნობა იყო. გადაწყდა, რომ თანამშრომლობის ფორმატში, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. თავის მხრივ, ჯგუფის წევრებმა უწყების ხელმძღვანელობას თავდაცვის სამინისტროს ტრანსპარენტულობაზე საკუთარი კვლევის შედეგები წარუდგინეს და სამინისტროს გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციები მისცეს. თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობაზე მომუშავე ჯგუფში ამ ეტაპზე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და მედია კოალიცია. არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გააქტიურება თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს გადაწყდა. შეხვედრები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან რეგულარულად იმართება. შექმნილია სამუშაო ჯგუფები სამი მიმართულებით: თავდაცვის ტრანსფორმაციის, ნატოში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ოპერაციების და გამჭვირვალობასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები. ყველა სამუშაო ჯგუფს კურატორი მინისტრის მოადგილე უწევს ხელმძღვანელობას.