დღეს აქციის აქტივისტებმა შენობის შესასვლელთან გადაინაცვლეს და გამგეობის შენობაში შემსვლელებს ხელმოსაწერად ეპატიჟებიან.
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ედუარდ ხუხუნაიშვილი ამბობს, საკუთარი ხელმოწერები სპეციალურ ბლანკებზე უკვე გამგეობის სხვადასხვა სამსახურების 18 თანამშრომელმა დატოვა. ხუხუნაიშვილი ამ პროცესს სამოყვარულო ვიდეოკამერით აფიქსირებდა: _ხელი მოაწერა გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა მიხეილ ჩერქეზიამ, რომელიც ყოფილ გამგებელთან გია გოგუაძესთან ერთად გამოდიოდა შენობიდან. თავად გოგუაძემ უარი განაცხადა ხელმოწერაზე.“
_ თქვენ ამ პროცესს ვიდეოკამერით აფიქსირებდით?
_ კი, მაგრამ ჩვენ ვიღებდით მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებს.
_ რატომ გახდა ეს აუცილებელი? იქნებ ხელმომწერს არ სურს, რომ მისი არჩევანი საჯაროდ დაფიქსირდეს?
_ იმიტომ ვიღებდით, რომ შემდეგ უარი არ თქვან და არ უარყონ საკუთარი ხელწერა(?!)
_ ეს ადამიანის უფლებაა _ უნდა მოაწერს ხელს, თუ უნდა უარყოფს. ეს კანონმდებლობით აკრძალული არ არის. მაგრამ მას უფლება აქვს ეს ვიდეოკამერის წინ არ გააკეთოს…
_ არც ერთ ხელმოწერს არ გაუპროტესტებია ეს, _ ასეთია ხელმოწერათა აქტივისტის პასუხი.
გამგეობის შენობიდან გამოსულ ლანჩხუთის გამგებლობის მოვალეობის შემსრულებელს კახა ასკურავას არ მოწონს ის ფაქტი, რომ ხელმომწერებს ვიდეოკამერა აფიქსირებს და ამაში ძალდატანების ნიშნებს ხედავს.
ჩვენი მისვლისას აქტივისტები კამერას აღარ იყენებდნენ.