მტკიცებულებების მოპოვების უფლებით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ ბრალდების მხარის პრეროგატივაა მალე დაცვის მხარეც ისარგებლებს. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორებმა გადახდისუუნარო ბრალდებულებზეც იზრუნეს და მიუთითეს, რომ ყველას ვისაც ექსპერტიზის ჩატარების ან სხვა მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა არ გააჩნია, ხარჯებს სახელმწიფო დაუფარავს. სამართლის ექსპერტი ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა პროცესზე მხარეთა შეჯიბრებითობას რეალურად უზრუნველყოფს, რადგან ბრალდებულმა უსახსრობის გამო მისთვის მინიჭებულ დაცვის უფლებაზე უარი არ უნდა თქვას.
“ეს გულისხმობს არა მარტო საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაფარვას, არამედ მტკიცებულებათა გამოთხოვის,დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და სხვა ხარჯების გადახდას. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარება ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო მზადაა, ეს ხარჯიც გაიღოს, რათა მხარეების თანაბარი უფლება უზრუნველყოს.“-ამბობს ნინო გვენეტაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.