“ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმართა რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნა სამართლებრივად გამართულია. ყველა ის პუნქტი, რაც აქ გაჟღერდა პოლიტპატიმრების მიერ, პუნქტობრივად იმსახურებს სერიოზულ განხილვას და მხარდაჭერას ჩვენი საზოგადოების მხრიდან.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამ ადამიანებს აქვთ სამართლიანი მოთხოვნები და ვფიქრობ, რომ სრულიად სამართლიანია მათი მხრიდან პარლამენტისთვის მიმართვა. შესაბამისი პროცედურების გახორციელება უკვე პარლამენტზეა დამოკიდებული,” _ ამბობს ნინო გვენეტაძე “გურია ნიუსთან” საუბარში.
გვენეტაძე თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომხდარის შეფასება არა მხოლოდ ადგილობრივი არამედ უცხოელი ექსპერტების მიერაც: “ძალიან კარგი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან ამ საკითხით. ასევე, უმნიშვნელოვანესია უცხოელი ექსპერტების შეფასებები ევროსაბჭოს ცნობილ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა იხელმძღვანელა და მოახდინა კიდეც საზოგადოების წინაშე იმ პოლიტიკური მოტივების წარმოდგენა, რის საფუძველზეც ის ადამიანები იხდიდნენ სასჯელს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის საქმე, რომელიც ამ პოლიტპატიმრებს შეეხებოდათ, სასამართლოებმა განიხილონ ღიად და გამჭვირვალედ და საბოლოოდ გაეცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც ამ ადამიანების უკანონო მსჯავრდებას უკავშირდება.”
სამართლის ექსპერტი ნინო გვენეტაძე თვლის, რომ გაცილებით საინტერესოა ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ადამიანების გათავისუფლების შემდეგ და როგორ მოხდება მათი რეაბილიტაცია და უფლებებში აღდგენა: “საზოგადოება აქ არ უნდა გაჩერდეს, ბოლომდე უნდა ნახოს სამართალი და ყველა ის ადამიანი, ვინც თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, უნდა იყოს იმ უფლებით უზრუნველყოფილი, რომ მისი საქმე განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ. ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასების გაკეთების საშუალება, რაც იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი იმისთვის, რომ საქართველოში აღარასოდეს იყვნენ პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები. ამ შემთხვევაში ბრძოლა წინ არის და ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი. რასაკვირველია, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა”.