პრეზიდენტი ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანას შეეხო და დასძინა, რომ ახალმა ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოს.
“მათ გადაწყვიტეს ქუთაისს წაართვან პარლამენტი. თუ პარლამენტი ქუთაისში არ იქნა, არ გვექნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, არ იქნება უამრავი ინვესტიცია სასტუმროებში და ტურისტული ობიექტებში. შესაბამისად, აღარ იქნება 10 ათასი სამუშაო ადგილი; აღარ იქნება ახალგაზრდების პერსპექტივა. ისინი ამბობენ, თბილისში იმიტომ გადმოვდივართ, რომ არასამთავრობო სექტორი თბილისშიაო. არ შეიძლება ქუთაისში იყოს არასამთავრობო სექტორი? ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვბრუნდებით სახლში ხალხთანო. ქუთაისში არ არის ხალხი? მკვდარი ქუთაისი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს, ხოლო ცოცხალი ქუთაისი აცოცხლებს დასავლეთ საქართველოს. პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა ეს არის ქუთაისის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა”, _ განაცხადა სააკაშვილმა