_ როგორც ცნობილია, „ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. ხსენებული დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად აღიარებულია 25 პირი (წითელი ცირკულარით იძებნებოდა 9 პირი, დღეისათვის მათ მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა მოხსნილია) რომელთა მიმართ გამოცხადებული ძებნა დღეის მდგომარეობით კვლავ ძალაშია “დსთ”-სა და ეროვნულ დონეზე. სახელმწიფოთაშორისო და ეროვნულ დონეზე ძებნის მოსახსნელად აუცილებელია გარკვეული პროცედურის დაცვა. ხსენებული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, კანონის ძალაში შესვლიდან გათვალისწინებულია ერთ კვირიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.
კანონით დადგენილი ხსენებული ერთკვირიანი ვადის დაცვით, საქართველოს მთავარი პროკურატურა უზრუნველყოფს მითითებული პროცედურების განხორციელებას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით აღიარებული პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირების მიმართ ძებნის შეწყვეტა, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული ხსენებული პირების უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავება, იმისათვის, რომ საქართველოში დაბრუნებისას მათ არ შეექმნათ დაბრკოლებები, საქართველოს მთავარი პროკურატურა მოუწოდებს ხსენებულ პირებს დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში თავი შეიკავონ საქართველოში დაბრუნებისგან.
მას შემდეგ რაც ხსენებულ პირთა მიმართ დასრულდება კანონით გათვალისწინებული პროცედურები, საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს, _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.