ცოცხებით შეჭრა, კვერცხების სროლა და უხამსი სიტყვებით შეძახილები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მისამართით, _ ასეთი იყო გუშინ, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები.
მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე აკეთებს.
თავდაპირველად, ჩვენი მხრიდან იყო მიმართვა და თხოვნა, რომ დარბაზში ყოფილიყო სიმშვიდე და პროვოკატორების მიმართ იყო მოწოდება, რომ დაეტოვებინათ საერთოდ დარბაზი და მიეცათ შესაძლებლობა, უმცირესობის წარმომადგენლებისთვისაც, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი. ასეთი განმარტება არაერთხელ გაკეთდა უმრავლესობის წარმომადგენლებისგან. მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირესობის წარმომადგენლების გამოჩენამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გარეთ, ფაქტობრივად, ცოცხების აქცია იყო. მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ის ადამიანები, მაგრამ ვიცანი მათ შორის კახა მიქაია , რომელიც თავის მხარდამჭერებთან ერთად იყო და სკანდირებდნენ.
აკაკი ბობოხიძემ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ამას ისეთი რეაქცია მოჰყვა, რომ მათ დატოვეს დარბაზი, ოღონდ შენობიდან არ გასულან. ვერ გადიოდნენ შენობიდან, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო. ამის შემდეგ მოხდა პოლიციის გამოძახება. ისინი ძალიან მალე მოვიდნენ და უმცირესობის წარმომადგენლებს პოლიციის კორდონის ქვეშ გასვლა შესთავაზეს. აკაკი ბობოხიძესთან ერთად გამოვედით მე, ირინა იმერლიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი და აი, მაშინ ესროლეს კვერცხი ბობოხიძეს, მოხვდა ირაკლი ჩიქოვანსაც. ძალიან ეგზალტირებულები იყვნენ.
ძალიან დაძაბული გარემო იყო, მათ არაერთხელ მოვუწოდეთ ვთხოვეთ დაეცვათ წესრიგი, მაგრამ სამწუხაროდ არ გაითვალისწინეს.
_ ცოცხებით “შეიარაღებულთა” შორის ჩვენც ამოვიცანით ერთი ქალბატონი, ლალი (ვერა) ანთია, რომელიც არის ზუგდიდის ახალი გამგებლის ახალი მოადგილის, გიზო სართანიას დედა… სულ ცოტა ხნის წინ, თქვენც იყავით ოპოზიციაში და განსხვავებული მოსაზრების გამო კვრეცხების დაშენა ნორმალური ფორმა რომ არ არის და არც დემოკრატია, ალბათ მეთანხმებით ამაში.
_ მე მგონი, დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ამისი ორგანიზება ჩვენ არ გაგვიკეთებია. პირიქით, ჩვენი სურვილი იყო, რომ არანაირი არეულობა არ ყოფილიყო. იქ ხალხი მოსული იყო კითხვების დასასმელად და პოზიციის გამოსახატავად. ჩვენ ყველანაირად ვცილობდით, რომ აუდიტორიაში არ ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც რაღაც უწესრიგობისკენ იქნებოდნენ მიმართული. ცხადია, ცოცხის დაჭერის უფლებაც აქვს ადამიანს და მოსაზრების გამოხატვისაც, მაგრამ იქ, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უხეშ ფორმებში გადაიზარდა, რაც არ იყო მოსაწონი. მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ ზაქარია ქუცნაშვილმა არაერთხელ მოუწოდა, რომ შეეწყვიტა მსგავსი ქმედება.
_ როგორ ფიქრობთ, მსგავსი ქმედებები, კვერცხებით და ცოცხებით თავდასხმა საპარლამენტო უმცირესობაზე არის თუ არა სამართალდამცველი ორგანოების შესასწავლი საქმე და უნდა მოახდინონ თუ არა რეაგირება?
_ გამოხატვის ასეთ ფორმას, მე, ცხადია, არც ვიზიარებ და არც ვეთანხმები. თუ იქნება შესაბამისი საჩივრები და შესაძლოა, პარლამენტარებმა ეს გააკეთონ, პოლიციამ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება.