“ზვარტნოცის აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, საქართველოს დელეგაციას სომხეთის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ–მინისტრი ტიგრან სარქისიანი და მთავრობის სხვა წევრები დახვდნენ. საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, რეინტეგრაციის მინისტრი, კულტურის მინისტრი, ასევე ცნობილი პოეტი და მთარგმნელი გივი შახნაზარი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგასთან. პრემიერ–მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება ქართული და სომხური მთავრობის წარმომადგენლების ხელმძღვანელების გაფართოებული შეხვედრა. დღესვე საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი ერთობლივი სადილი.
დღის მეორე ნახევარში, საქართველოს დელეგაცია ეწვევა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სრულიად სომხების კათოლიკოსთან, გარეგინ მეორესთან. ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს პრემიერ–მინისტრის პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის ტიგრან სარქისიანის სახელით გაიმართება ოფიციალური სადილი,” _ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.