ზურაბ მექვაბიშვილმა ფრაქცია დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მას ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ მოიაზრებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრაქციის თავმჯდომარე, ძიმითის დეპუტატი შალვა თავდიშვილი გახდა.
სანდრო წყაროს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ზურაბ მექვაბიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქტიურად უჭერდა მხარს.
ფრაქციიდან ზურაბ მექვაბიშვილის წასვლის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ირინა საჯაია ადასტურებს. საჯაია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ის ფრაქციის თავმჯდომარის ადგილზე მოიაზრებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ადგილი შალვა თავდიშვილმა დაიკავა.
_ მან გვითხრა, რომ ფრაქცია იმის გამო დატოვა, რომ ნეიტრალური ადგილის დაკავება უნდა, _ ამბობს ირინა საჯაია.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, ბესიკ მელუა ამ დროისთვის არ ადასტურებს ზურაბ მექვაბიშვილის პარტიაში შესვლის საკითხს. თავად ზურაბ მექვაბიშვილს რამდენჯერმე დავურეკეთ, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.