პრეზიდენტმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ მისი ხელისუფლების დროს, ეს საკითხი მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო აყვანილი:
“თქვენ შეიძლება ბევრი იფიქროთ, მაგრამ ვერ მოიფიქრებთ. ამას მე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი, ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და მტკივნეული საკითხია. მოვიდა ახალი მთავრობა და ჩვენ გვაქვს 3 ძალიან საგანგაშო ფაქტი – პირველი: მთავრობამ დაიწყო იმით, რომ ციხის თანამშრომლების სახელები, გვარები და მისამართები გადასცა პრესას, რაც არის ადამიანის კერძო საკუთრებისა და პირადი ცხოვრების უხეში დარღვევა, მეორე _ მათ განახორციელეს მოსამართლის თანაშემწის პირადი შანტაჟი, მის ცხოვრების გადაღება, რომელიც მას აჩვენეს და უთხრეს, რომ ეს მასალები სისხლის სამართლის საქმეშია და ეს ქალბატონი ახლა თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა იგი გაჭედილია და მესამე _ მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალები ადამიანების პირად ცხოვრებაზე.
მე არ ვიცი მსოფლიოს არცერთი პროკურატურა, არცერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც გაავრცელებს ადამიანის პირადი ცხოვრების მასალებს. საქართველოს პროკურატურამ არაცივილიზებულობის ყველა რეკორდი მოხსნა და პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, სრულიად ამორალური და დასაგმობი საქციელი. ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუსეთში გაზრდილები 1990-იან წლებში სწავლობდნენ. რაც ისწავლეს, იმას აკეთებენ დღეს საქართველოში პროკურატურის დახმარებით. ამის გაკეთება ელცინის დროსაც კი არავის მოუფიქრებია. რა ექსპერიმენტებს აკეთებენ საქართველოზე და ქართველ ხალხზე?! მე შემომაქვს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება და დაისჯება ასეთი მასალების გავრცელება, რაც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, ეს სისხლისსამართლებრივად დაისჯება. თუ ასეთი მასალა სამართალდამცველებს ჩაუვარდებათ, განადგურებული უნდა იქნას და მოქალაქეებს ამ კუთხით დაცვის უფრო მეტი გარანტიები უნდა მიეცეთ” _ განაცხადა სააკაშვილმა.