ცვლილება პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შედის კანონპროექტებში: “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ხიდაშელის განმარტებით, დასუფთავებისთვის მოსაკრებლის მარეგულირებელი ნორმები ერთიან სისტემაში მოექცევა და გამოირიცხება იმ ტიპის მანიპულაცია, რაც თბილისის საკრებულოს მიერ განხორციელდა მოსაკრებლის მომსახურების საფასურად ტრანსფორმაციასა და თბილისელებისათვის დამატებითი ფინანსური ტვირთის დაწესებით.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს მიერ დასუფთავების გადასახადის წესთან დაკავშირებით განხორციელებულმა მანიპულაციამ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ცვლილება ეხება არა ადმინისტრირების ნაწილს, არამედ ტარიფის ანგარიშის ნაწილს. კანონის 44¹ მუხლს ემატება 4¹ ნაწილი, რომლის მიხედვით, მოსაკრებლის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე თვეში 3 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა ხიდაშელის განმარტებით, გადასახადის აღნიშნული ოდენობა, შესაძლოა, 2,5 ლარამდეც შემცირდეს. მისივე თქმით, აღნიშნული გადასახადი 4 სულზე გადაანგარიშებით შემოისაზღვროს. ხიდაშელი ვაუჩერის სისტემის წინააღმდეგია. მისი თქმით, არსებობს სხვა უფრო ცივილიზებული სისტემა, რომელიც მოსახლეობას გადასახადის ოდენობას შეუმცირებს. კანონით ფიქსირებული ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, საკრებულო დაადგენს გარკვეულ ტარიფებს ცალკეული სოციალური ჯგუფებისთვის.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, აღნიშნული ტარიფების ოდენობის შესახებ პარლამენტში მსჯელობა გაგრძელდება, თუმცა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ზოგად პრინციპებზე შეთანხმდნენ.