“დღეიდან საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა განვითარდა. საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ღირსების შეკრება შედგა, სადაც საქართველოს მოსახლეობამ დააფიქსირა კონსტიტუციის დაცვა. დღეიდან მიხეილ სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტის რანგში და ყველას ვინც დაარღვევს ამას, ის დაარღვევს კონსტიტუციას,” _ განაცხადა მიხეილ ანდღულაძემ.
თემურ შაშიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ერთი მილიონი საქართველოს მოქალაქის მოთხოვნა სამართლებრივად სწორია, მაგრამ მთავრობა ერიდება კონფრონტაციას.
“საქართველოს პარლამენტი ნუ აიღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის ქმედებებზე, თუ ის არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენ გუშინ გავუგზავნეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილის შემდგომ ქმედებებზე.
ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს, მაგრამ არ შევეგუებით იმას, რომ პრეზიდენტად დარჩეს ადამიანი, ვისაც დღეის იქით მიტაცებული აქვს ეს თანამდებობა,” _ განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
თემურ შაშიაშვილის კოალიცია “ერთსულოვნება” დღეიდან მორატორიუმს აცხადებს.
“ვაცხადებთ ერთგვარ მორატორიუმს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვლენები განვითარდება. ჩვენ ვაკვირდებით პარლამენტის და მსოფლიო საზოგადოების რეაგირებას, ამავე დროს პერმანენტულად გაგრძელდება გუშინდელი ღირსების აქციის მოწყობა. ამ ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენები, პრესკონფერენციები და ეს ყველაფერი საზოგადოებას მისცემს იმის საშუალებას , რომ იყოს დამუხტული და დარაზმული ამ საკითხის გარშემო. გულდასაწყვეტია, რომ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი იქცევა არასწორად და იტაცებს თანამდებობას”
პაატა ცნობილაძე, მიიჩნევს რომ დღეიდან საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრეზიდენტი და ყველა ის ხარჯი, რაც სააკაშვილზე დაიხარჯება, არის უკანონო. მისი თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილება ოქტომბრამდე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა უნდა შეითავსოს.