გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 18 იანვარს, საღამოს 19 საათზე, გოჩა ჯ-მ და მისმა თანამზრახველმა, რომლის ადგილსამყოფელი ჯერეჯერობით დაუდგენელია, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, 1927 წელს დაბადებული ლიანა ინაიშვილსა და მისი მეუღლის, 1928 წელს დაბადებულ თეიმურაზ ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლში, მოტყუებით შეაღწიეს. მათ ბინის ქირაობა მოიმიზეზეს და მოხუც ცოლ-ქმარს კარის გაღება სთხოვეს. სახლში შესვლის შემდეგ, მუქარისა და ძალის გამოყენებით, ბინის მეპატრონეებს ხელ-ფეხი შეუკრეს და ლიანა ინაიშვილს ოქროს საყურეები მოხსნეს. დამნაშავეებმა, ასევე, მობილური ტელეფონიც გაიტაცეს.
გამოძიებისას ასევე დადგინდა, რომ ცოლ-ქმრის დაყაჩაღებაში მათ მიერ დროებით დაქირავებული ხელოსანი, 1986 წელს დაბადებული ბაჩანა ჯ. მონაწილეობდა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღესვე, სამართალდამცველებმა ბაჩანა ჯ. და გოჩა ჯ. დააკავეს, ხოლო მესამე დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება სსკ-ს 179-ე (ყაჩაღობა) მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.
განცხადებას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.