_ ბატონო მიხეილ, ბოლო პერიოდში თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თქვენი პარტიის აქტიური მხარდამჭერები, გამგებლებით დაწყებული, საკრებულოს თავმჯდომარეებით და მათი მოადგილეებით დამთავრებული, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებენ თანამდებობებს. საუბრობენ, რომ მათ აიძულებენ ამის გაკეთებას სხვადასხვა მეთოდით, თუმცა, თავად ამ ადამიანებს ძალიან უცნაური პასუხი აქვთ -“არც უარვყოფთ, არც ვადასტურებთ…” თქვენ რას იტყვით ამაზე?
_ ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ოზურგეთში დღესაც და ერთი კვირის წინაც გააკეთა განცხადება, რომ ამ ადამიანებზე არის ზეწოლა. სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს ზეწოლას, რაც დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ამ პროცესში ჩართულია პოლიცია, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია. ეს გრძელდება სამწუხაროდ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგალითად ერთი კვირის წინ, ასეთ მცდელობას ადგილი ჰქონდა დიმა კორიფაძესთან დაკავშირებით ჩოხატაურში, რაზეც გიგი წერეთელმა განცხადება გააკეთა პარლამენტში, რასაც ჩოხატაურის დეპუტატი ჭკუასელი გამოეხმაურა და ცდილობდა იმის ახსნას, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. (დიმიტრი კორუფაძემ დღეს გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. ავტ)
გეთანხმებით იმაში, რომ უცებ, ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე, ამ ხალხს სურვილი აღეძრათ, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც მაგალითია, ბოლომდე მებრძოლი ადამიანები უნდა შეარჩიო და მეორე ის, რომ პირდაპირი არჩვენების შემთხვევაში, ეს პრობლემები არ დადგებოდა თვითმმართველობაში, რის მაგალითიცაა თბილისი. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ საკრებულო იყოს ავტონომიური და მას ხელი ვერავინ შეუშალოს.
_ თვითმმართველობის რეფორმა აქტიურად განიხილება უმრავლესობის მხრიდანაც და ეს პროგრამაშიც აქვთ გაწერილი.
_ მართალი ბრძანდებით, ეგ უწერიათ პროგრამაშიც, მაგრამ რაც “ქართულ ოცნებას” პროგრამაში უწერია, იმას დიდი ხანია აღარ ასრულებენ. თუნდაც ავიღოთ სახალხო დამცველთან დაკავშირებით, იგივე საპარლამენტო კომისიებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მონაწილეობით უნდა ყოფილიყო, ან თუნდაც კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით.
თვითმმართველობის მოდელთან დაკავშირებით, ღიად არ დაგვიწყია საუბარი, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ პირდაპირი არჩევნები არის ყველაზე სწორი გზა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოში და ვამბობდით, რომ უნდა ყოფილიყო პროპორციულიც და მაჟორიტარულიც და გახსოვთ, რომ ჩვენი ოპონენტები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ეხლა უკვე მკაფიო აზრი გვაქვს “ნაციონალურ მოძრაობაში” იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს პირდაპირი არჩევნები და ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ ხალხიც სწორად იქნეს შერჩეული და ეს უკვე შენზე კი არ იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად შეარჩიე, არამედ ხალხზე, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეს მათ.
მიხეილ მაჭავარიანის ინტერვიუს ვრცელ ვარიანტს “გურია ნიუსის” ვებგვერდზე მალე შემოგთავაზებთ.