(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის _ შრომის, ლიხაურის, ჭანიეთის და მელექედურის რწმუნებულები ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. საზოგადოებაში ღიად საუბრობენ მათი გათავისუფლების სუბიექტურ მიზეზებზე _ კერძოდ, შრომის რწმუნებულის გათავისუფლების მიზეზად, აღნიშნულ სოფელში გართულებული კრიმინოგენური ვითარება სახელდება. წყაროს ინფორმაციით, ლიხაურისა და მელექედურის რწმუნებულები ბოლო არჩევნებში წაგებული პოზიციების გამო დაიწუნეს, ხოლო ჭანიეთის რწმუნებულს გულუბრყვილო საუბრისთვის დაუტატანეს _ ჟურნალისტთან რა გალაპარაკებდა, უშიშროებიდან გირეკავდნენ თუ “საშიშროებიდანო”?
თვითონ რწმუნებულები ამბობენ, რომ საკუთარი სურვილით დაწერეს განცხადებები, თუმცა, “გურია ნიუსის” კითხვას, რატომ გაგათავისუფლესო, ერთმა მათგანმა დაუფიქრებლად უპასუხა _ არჩევნების გამო და მეტი არაფერი მკითხოთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველიო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა რწმუნებულმა საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ და ეს ერთბაშად არ მომხდარა: _ მათ სხვადასხვა დროს ითხოვეს წასვლა., არ შეიძლება, რომ ვინმე წავიდეს სამსახურიდან? სულ ერთ თანამდებობაზე ხომ არ იქნება ადამიანი? _ თქვა მან.