თუმცა, ის პატივს სცემს ირაკლი ალასანიას განსხვავებულ მოსაზრებას ქვეყნის მოწყობის შესახებ. ბერძენიშვილის თქმით, პირადად ის პრობლემას ვერ ხედავს , თუმცა როგორც ჩანს კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ალასანიას მიერ საკუთარ პარტიაში საკუთარი კანდიდატურის განხილვა გარკვეულ საფრთხეს უქმნიდა კოალიციის ინტერესებს.
“რესპუბლიკური პარტია ამ საქმეში არანაირად არ მონაწილეობს. არის კოალიციის წევრი, ხოლო ივანიშვილი არის კოალიციის თავმჯდომარე და მან მიიღო გადაწყვეტილება. რაც შეეხება კანდიდატურის განხილვას, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ნებისმიერი საკითხი განიხილებოდეს იქ, სადაც საჭიროა. უბრალოდ, კოალიციის რეჟიმში როცა ვართ, ვმოქმედებთ კოალიციის ინტერესებით. კოალიციის ლიდერმა ჩათვალა, რომ კოალიციის ინტერესს ზიანი მიადგა,” _ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, კოალიციაში შემავალი სუბიექტები, ალასანიას პარტიის გარდა, ემხრობიან ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელს: “ჩვენ სწორად მივდივართ საპარლამენტო მოწყობისკენ, თუმცა, მე პატივს ვცემ ჩვენი კოალიციის წევრი პოლიტიკოსის მოსაზრებას. სხვათა შორის, ირაკლი ალასანია პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ რესპუბლიკურმა პარტიამ დაასახელა, როდესაც ერთ ალიანსში ვიყავით,” _ განაცხადა ბერძენიშვილმა.