შეხვედრები იმართება ევროპის საბჭოს მიწვევით, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია მიწვეული. შეხვედრის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა პარლამენტის პრიორიტეტებზე, საარჩევნო კანონმდებლობის, სასამართლო რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე, ასევე პოლიტიკური პატიმრებისა და ამნისტიის კანონის მიღების დიდ მნიშვნელობაზე.
_ „ამ საკითხზე პოზიტიური განწყობა ძალზედ მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ ფონზე, როცა ევროპის საბჭოს ყოფილ ევროკომისარს, ბატონ ჰამერბერგს ძალიან მწვავე ანგარიშები ჰქონდა მომზადებული საქართველოს წინა ხელისუფლებაზე, სადაც ნახსენები იყო პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები, ოპოზიციის მხარდამჭერთა გასამართლება და ა.შ. შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რათა ევროპის საბჭო იყოს კარგად ინფორმირებული“, – _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
ევროპის საბჭოში მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ადმიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები შეხვედნენ ევროსაბჭოს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის კომიტეტის სამდივნოს დეპარტამენტის უფროსს ბორის ვოდსს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საკითხებს. ასევე პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის შესახებ კანონს.
ბორის ვოდსის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ კანონს ამნისტიის შესახებ. მან ქართველ პარლამენტარებს შესთავაზა კიდევ ახალი ინიციატივა, რომ შეიქმნას და შემუშავდეს ახალი მექანიზმი შეკრებითობის პრინციპის მოხსნის შესახებ. მისი განმარტებით, ევროპა არ მიესალმება და არც არასოდეს მიესალმებოდა სასჯელის შეკრებითობის პრინციპს. მისივე თქმით, ციხეები იყო გადატვირთული და, ამგვარად, ამნისტია იყო უაღრესად მნიშვნელოვანი.