მთავრობის აპარატიდან სრულყოფილად მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ყოველთვიურად იღებდა პრემიას – ჯამში ამ პერიოდში მან პრემიის სახით აიღო 114 750 ლარი, აქედან იანვრის თვეში ერთ ჯერზე 14 875 ლარი, ხოლო მაისში – 17 000 ლარი. გამოდის, რომ 2012 წლის 6 თვის მანძილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრემიის სახით აიღო ხელფასზე 27-ჯერ მეტი თანხა (როგორც ქონებრივი დეკლარაციით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მისი ხელფასი ამ თანამდებობაზე შეადგენდა 4 250 ლარს).
ნიკა გილაურს მცირედით ჩამორჩებოდნენ სხვა თანამდებობის პირები. მაგალითად კანცელარიის უფროსმა დავით კერესელიძემ 2012 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში პრემიის სახით სულ აიღო 88 500 ლარი, მათ შორის იანვრის თვეში ერთ ჯერზე 12 390 ლარი. სულ 2012 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით მთავრობის აპარატში პრემიებზე დაიხარჯა 2 021 660.3 ლარი, საიდანაც თანამშრომლებზე განაწილდა 1 040 345 ლარი, ხოლო თანამდებობის პირებზე (პრემიები ერიცხებოდა 4-დან 9-მდე თანამდებობის პირს), 981 315,3 ლარი დაიხარჯა.
ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ოქტომბერში პრემიის სახით 8 500 ლარი აიღო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ნოემბერში პრემია არ აუღია.