საავადმყოფოს მფლობელმა კომპანიამ “ჩემი ოჯახის კლინიკა”, რომელმაც საავადმყოფო სიმბოლურ ფასად – 1 ლარად წინა ხელისუფლების დროს იყიდა, დღეს შენობა დაცალა. საავადმყოფო ახლა შენობაში გადავიდა.
“დღეს, ყველა ექიმი რომ წავიდა სახლში, 4 საათზე შემოყარეს ზუგდიდიდან სპეცრაზმელები, შავფორმიანები. ციხის ბადრაგებივით დადგნენ და შენობაში არ უშვებდნენ არავის. შეიტანეს “სკოჩები“, ყუთები და ჩქარა გადაზიდეს ყველაფერი. ახალი შენობა გაიხსნა ისე, რომ არავინ არ ყოფილა,” – ამბობს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმი.
საავადმყოფოს მოქმედი შენობიდან ახალ შენობაში ნივთების გადატანისას, საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული დაცვის თანამშრომლებსა და ექიმებს შორის ინციდენტიც მოხდა. დაცვის თანამშრომელმა კამერა დაუზიანა ტვ “25-ე არხის” გადამღებ ჯგუფსაც. ჟურნალისტებმა პოლიციას გამოუძახეს და საქმეს პოლიცია სწავლობს.
“ჩემი ოჯახის კლინიკის” წარმომადგენლებმა ქობულეთის საავადმყოფოს შენობაში არსებული სამედიცინო აპარატურა ქალაქის ახალ საავადმყოფოში გადაიტანეს. ექიმების ნაწილი “ჩემი ოჯახის კლინიკასთან” თანამშრომლობას არ აპირებს და ცალკე სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავს.
“სახელმწიფომ მისცა მაგათ 11 და 15-ლარიანი “სახელმწიფო დაზღვევები”. აქედან, საავადმყოფოს შესდიოდა თვეში 416 ათასი ლარი და ხელფასებში გასცემდნენ 2 900 ლარს; დანარჩენს ჯიბეში იდებდნენ. ახლა ეშინიათ, რომ დაზღვეული ხალხი ჩვენთან წამოვა. ამიტომ, ურჩევნიათ, რომ ჩვენ არ დაგვრჩეს ის აპარატურა, რაც საავადმყოფოს ეკუთვნოდა და ჩვენი, ექიმების ფულითაა ნაყიდი; ყველაფერი დალეწეს, დაამტვრიეს, ახლა რაღაც დათმობაზე წამოვიდნენ, თუმცა კომპიუტერები და ყველაფერი წაიღეს,” – ამბობს ექიმი ქეთევან ნოღაიდელი.
ქობულეთის საავადმყოფოს ექიმები “ალდაგის” შვილობილი კომპანიის მიერ მათთვის შეთავაზებულ დაბალ ანაზღაურებას და ცუდ სამუშაო პირობებს რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. ექიმების ნაწილი სააქციო საზოგადოების შექმნას და მუშაობის გაგრძელებას საავადმყოფოს იმავე შენობაში აპირებს.
სულხან მესხიძის ფოტო