(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბზე მომუშავე ჯგუფმა, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსგან რეკომენდაციები მიიღო: უკვე არსებული გერბის ვარიანტებიდან უნდა ამოიღონ მნიშვნელოვანი ფიგურები, ელემენტები, წინადადებები კი მხატვრებსა და დიზაინერებს უნდა მიაწოდონ. ეს უკანასკნელნი სამუშაო ჯგუფს ახალ ვარიანტებს წარუდგენენ, რომელზეც გამოყენებული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა _ მაგალითად, გურიის ძველი გერბის ელემენტები, თამარის ჯვარი აჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრიდან.
აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა გოგაძე სამუშაო ჯგუფს 17 მარტს შეხვდა. იგი გაეცნო სიმბოლოების წარმოდგენილ ვარიანტებს და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება, გერბზე ფიგურირებდეს მუნიციპალიტეტის ისტორიის, ბუნების ამსახველი ელემენტები, მათ შორის, ზღვა და მთა.
როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ავთანდილ მექვაბიშვილმა გვითხრა, აღნიშნული ჯგუფი ამ კვირაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება და რეკომენდაციების თანახმად, გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას, რომელზეც მუშაობის დროს ყურადღება აუცილებლად გამახვილდება.