იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მარიამ სხილაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მისი მინისტრობის პერიოდში არცერთი თვის პრემია არ აუღია და არც აპირებს, რომ საკუთარ თავს პრემია გამოუწეროს. მისივე თქმით, პრემიები არ აუღია არც ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2012 წლის 12 დეკემბერს 21 საჯარო დაწესებულებისგან გამოითხოვა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) 2012 წელს დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ.
როგორც ინსტიტუტის მიერ მიღებული პასუხებით ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ მათ მიაწოდა თვეების მიხედვით ინფორმაცია როგორც თანამდებობის პირების, ისე თანამშრომლების შემთხვევაში. თუმცა, თანამდებობის პირების შემთხვევაში არ არის მოწოდებული ინფორმაცია მინისტრზე გაცემული პრემიების თაობაზე.
“მიღებული ინფორმაციით რომ 2012 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, პრემიებზე სულ დაიხარჯა 1 292 014,1 ლარი, აქედან თანამშრომლებზე გაიცა 664 485,6 ლარი, ხოლო 627 528.6 ლარის ოდენობის პრემიები აიღეს თანამდებობის პირებმა (მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები).” _ ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინსტიტუტის განცხადებით, მათ ვერ მიიღეს ასევე ინფორმაცია ახალი მინისტრის მიერ ნოემბრის თვეში აღებული პრემიის შესახებ.