BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლას შეადარა. ამის შესახებ პუტინმა სტალინგრადის ბრძოლის დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინაში ლეოპარდის ტანკების გაგზავნის შესახებ შეფასების გაკეთებისას, პუტინმა თქვა, რომ ისტორია მეორდება.
”ეს დაუჯერებელია, მაგრამ მართალია. ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული ლეოპარდის ტანკები”,_ განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, გერმანია ერთ-ერთია იმ მრავალ ქვეყანას შორის, რომელიც უკრაინას თავისი ტერიტორიის დაცვაში ეხმარება.
რუსეთმა დაიწყო სისხლიანი, სრულმასშტაბიანი შეჭრა თითქმის ერთი წლის წინ, რის გამოც დასავლეთის ქვეყნებმა კიევის მთავრობას იარაღი და დახმარება გაუგზავნეს.
„მათ, ვისაც რუსეთის დამარცხების იმედი აქვს ბრძოლის ველზე, არ ესმის, როგორც ჩანს, რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის ძალიან განსხვავებული იქნება“, – თქვა 70 წლის ლიდერმა.
“ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს ტანკებს მათ საზღვრებში, მაგრამ გვაქვს საშუალება რეაგირებისთვის. ეს არ შემოიფარგლება ჯავშანტექნიკის გამოყენებით. ეს ყველამ უნდა გაიგოს.”
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა ბ-ნი პუტინის კომენტარების დაზუსტებაზე, მაგრამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების საპასუხოდ, რუსეთი უფრო მეტად გამოიყენებს თავის პოტენციალს რეაგირებისთვის.