რომელიც დღეს შტაბში შეკრებილ აქტივისტებს გააცნო მარნის ქვეკოორდინატორმა, იზოლდა გოგელიამ.
იზოლდა გოგელია: “მე მინდა გაგაცნოთ ის განცხადება, რომელიც თითოეული ჩვენგანის აზრს და გულისტკივილს გამოხატავს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პრემიერ მინისტრი აუცილებლად გააკეთებს რეაგირებას და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ეს დაპირისპირებები, ცრუ ბრალდებები და ყველა ერთად გავაგრძელებთ მოღვაწეობას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის:
დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი, კოალიცია “ქართული ოცნების” აბაშის რაიონის 270 აქტივისტის სახელით ვაკეთებთ ამ განცხადებას:
ჩვენთან ქართული ოცნების პირველი მერცხლები იყვნენ ვაჟა ლიპარტია და დავით რუსია, რომელთაც თავიანთი რწმენა, ცოდნა თუ ახალგაზრდული ენერგია არ დაიშურეს კოალიციის ამ ბირთვის შესაქმნელად, ბირთვისა, რომელმაც საზოგადოებაზე, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში დიდი ზეწოლის, ფსიქოლოგიური წნეხის, დაშინების, შანტაჟის, აქტივისტთა უკანონო დაპატიმრებების, პოლიციაში გამოძახებების, პირადი თუ ფარული მოსყიდვების მიუხედავად შეძლო შესაძლებლობების ფარგლებში შეეტანა თავისი წვლილი კოალიციის საერთო გამარჯვებაში. ამ გამარჯვებაში დიდი როლი მიუძღვით ახალგაზრდებს ამ ორი ადამიანის მეთაურობით, რომლებიც თავიანთი ქმედებით საზოგადოებას უნერგავდნენ რწმენას “ქართული ოცნების” მიმართ, როგორც ქვეყნის გადამრჩენი ძალისა. არჩევნებამდე კოალიციიდან ჩამოსული სტუმრები გვპირდებოდნენ, რომ ჩვენი შრომა დაფასდებოდა შესაბამისი ანაზღაურებით. არჩევნების შემდეგ, მოთხოვნისამებრ, 275 ადამიანის სახელფასო სია გაიგზავნა თბილისში, შედეგად იყო დაპირებები, რომ თანხა დარიგდებოდა საახალწლოდ, საშობაოდ და ა.შ. თანხა დღესაც არ არის დარიგებული. თანამდებობებზე მოკალათებული სახეშეცვლილი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქილიკობენ და დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო, თქვენ კი… საზოგადოებაში გაჩნდა ჩვენგან პასუხგაუცემელი კითხვა – რა ხდება? ამას დაემატა გამგებლის არჩევნები, სადაც ჩვენი აზრი, კანდიდატად წაგვეყენებინა აბაშის რაიონში კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი ვაჟა ლიპარტია, რომელსაც ზურგს უმაგრებდა 6000-ზე მეტი ხელმოწერა, საერთოდ არ გაითვალისწინეს.
ახლა კი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ორგანიზაციის დაფუძნება გახდა აბაშაში საჯილდაო ქვა. ის დააფუძნეს ადამიანებმა, რომლებიც არც არჩევნებამდე და არც არჩევნებისას არ ჩანდნენ რაიონში კოალიციის მხარდამჭერთა რიგებში, არც ერთი მათგანი ჩვენ არ გვინახავს ჩვენს სოფლებში კოალიციის იდეების პროპაგანტისტებად, პირიქით – კი. ჩვენ მოვითხოვდით ამ ჯგუფისგან ჩვენი რიგებიდანაც შეერჩიათ საინიციატივო ჯგუფის წევრები, მაგრამ პირველივე შეხვედრაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს აქტივისტებს. რადგან პარტიაში არ გაგვაწევრიანეს, რაიონული კონფერენციაც უჩვენოდ ჩაატარეს და სტუმრის სტატუსითაც არ მიგვიწვიეს. ამით სრულიად უგულებელყვეს საზოგადოების თვალში ჩვენი სახელი და ღირსება.
სიმართლის დასადგენად გაიგზავნა დელეგაცია თბილისში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს დელეგაცია ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილს. ვინაიდან, ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, გაგვერკვია ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა, პასუხი ყველა ინსტანციიდან იყო გაურკვეველი, იყო უსასრულო დაპირებები, ჩვენ დავუკავშირდით ვაჟა ლიპარტიას და დავით რუსიას, რათა მათ ეს შანსი გამოეყენებინათ და პირადად ეცნობებინათ ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ივანიშვილისთვის. ყველა ბრალდებებს ამ ახალგაზრდების მიმართ მთელი პასუხისმგებლობით ვიღებთ ჩვენს თავზე, რადგან ინიცირება მოხდა ჩვენგან და შეძრწუნებულები ვართ დავით საგანელიძის მიერ ამ ახალგაზრდებისადმი წაყენებული ბრალდების გამო. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს გამოწვეულია ბატონი დავითის დროის დეფიციტითა და ინფორმაციის გადაუმოწმებლობით, რითაც შეილახა როგორც მათი, ისე ყველა აქტივისტის სახელი. ჩვენ გვჯერა, რომ სანთელ-სარკმეველი თავის გზას იპოვის და ეს ახალგაზრდები მიაღწევენ დიდ წარმატებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
ვთხოვთ პრემიერ-მინისტრს, რომ გამოირიცხოს ასეთი გაუგებრობები. მკაცრად მოკითხოს იმ ადამიანებს, რომელთა უშუალო მოვალეობაა რეგიონებთან ურთიერთობა, რადგან რაიონებს აშკარად აკლიათ მათი ყურადღება და გულისხმიერება. მათ კი შევახსენებთ დიდი კონსტანტინეს სიტყვებს – “ერმა თუ არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს!”
და ბოლოს, ყველას მივმართავთ თხოვნით, შეწყდეს ამ საკითხებზე დებატები, მივენდოთ უფალს და ის გვიჩვენებს სწორ გზას.”
ბოლოს კი იქ შეკრებილებმა მიიღეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში მარანში გააკეთონ შეკრება.

































































