როცა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დატოვება პირველად მოგვთხოვეს, იქვე, პრესსამსახურის ოთახში გავაკეთე მასალა “რას მალავს აჭარის მთავრობა” და მასალაში აღვწერე, რატომ დაგვატოვებინეს სხდომა – მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სხდომათა დარბაზი პატარაა და ჟურნალისტების მოძრაობა სხდომის მიმდინარეობას ხელს უშლის. იმ დღეს, 4 საათზე მეტი ხანი ველოდეთ, როდის დამთავრდებოდა სხდომა და შევძლებდით მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრების კომენტარის ჩაწერას.
მედიისთვის მთავრობის მომდევნო სხდომებიც დაიხურა.
გუშინ პრესსამსახურიდან დამირეკეს – 3 საათზე მთავრობის სხდომაა და თუ დაგაინტერესებს, მოდიო. მთავრობის აპარატში მისულს, კოლეგები და პრესსამსახურის წარმომადგენლები პრესსამსახურის ოთახში დამხვდნენ. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ მთავრობის სხდომა 13:00-ზე დაიწყო და იგი ჩვენთვის დახურული იყო. სხდომაზე მხოლოდ ტელევიზიის ოპერატორები შეუშვეს კადრების გადასაღებად. ჟურნალისტები შენობის მეორე სართულზე ავედით და დერეფანში სხდომათა დარბაზის კართან 1,5 საათი ველოდეთ კომენტარებს.
რა თქმა უნდა, იქვე გავაპროტესტე სხდომაზე დასწრების უფლების “ღიმილიანი სახით“ აკრძალვა.
სამწუხაროდ, კოლეგებისგან დიდი მხარდაჭერა არ მიგრძვნია, მხოლოდ “მაესტროს” ჟურნალისტმა გააპროტესტა ჩემთან ერთად.
იქ მხოლოდ იმის გამო დავრჩი, რომ მთავრობის თავმჯდომარისათვის მეკითხა, თუ რატომ არ შეგვეძლო ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრება.
მტანჯველი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა შევძელით კომენტარის ჩაწერა:
“არ იყო პრობლემა. მე მკითხა პრესსამსახურმა, შესვენება როდის გექნებათო და რომ არ შევაწუხოთ-თქო და 3-ისთვის ვუთხარით, რადგან სხდომა პირველზე იწყებოდა. იცოდეთ, რომ თვის დასაწყისში გაწერილია, რომ ყოველი თვის პირველ სამშაბათს, პირველ საათზე იქნება სხდომა. ეს იქნება ყოველთვის ღია, გეცოდინებათ და მობრძანდით. ყველას დასწრება, მე მგონი, ხელს გვიშლით, მაგრამ გავითვალისწინებთ. ალბათ, რამდენიმე მაინც უნდა დაესწროს და გადასცენ ინფორმაცია. ყოველი თვის პირველ სამშაბათს, პირველ საათზე გპატიჟებთ და დანარჩენი იქნება ალბათ რიგგარეშე სხდომებიც,”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.
ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის მიუღებელია, როცა მთავრობის სხდომის მიმდინარეობასა და დასრულებას კართან უნდა ელოდო. ხოლო კითხვები, მხოლოდ პრესრელიზში პრესსამსახურის მიერ პრიორიტეტად მიჩნეული ან დღის წესრიგში “მშრალად” ჩამოწერილი საკითხებიდან უნდა დასვა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავესწრო მთავრობის სხდომას, გავიგო ვინ, რას და რატომ ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. მე თავად მინდა გადავწყვიტო, რა იყო მნიშვნელოვანი სხდომაზე. არ მინდა პრესსამსახურის მიერ პრიორიტეტად მიჩნეული თემების შესახებ წერა. მე არ ვმუშაობ პიარში! მე ჟურნალისტი ვარ და სამწუხაროდ, არ მეძლევა მუშაობის საშუალება. დიახ, არ მეძლევა მუშაობის საშუალება!
არ მინდა ვინმემ განმისაზღვროს რა თემა გავაკეთო და რა კითხვა დავსვა. ალბათ მეტყვით, ვინ გიზღუდავს კითხვის დასმასო, მაგრამ მე თუ სხდომას არ დავესწარი და ვერ გავიგე რა ხდება, ჩემთვის მთავარ კითხვაზე “რატომ?“ არ მივიღე პასუხი, ვერც კითხვას დავსვამ, ვერც თემას მოვამზადებ და მკითხველსაც ვერაფერს გავაგებინებ!
სამწუხაროდ, ჟურნალისტებს გვზღუდავენ, მაგრამ კოლეგები ჩემთვის გაუგებარი მიზეზით არ აპროტესტებენ. ერთეულის პროტესტს კი სახელს იოლად არქმევენ – “ინტრიგანი”. მე არ ვარ ინტრიგანი, მე ვარ ჟურნალისტი და მინდა, ხელისუფლებამ მუშაობის შესაძლებლობა მომცეს!




























































