სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განმარტებით, ბარათი ფერმერებს მიწის დამუშავების – მოხვნა-გაფხვიერების – შესაძლებლობას მისცემს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ოთხშაბათს გამართულ 100-დღიანი მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ მეორე კატეგორიის ბარათების გაცემა, რომელიც ნედლეულისა და ინვენტარის შეძენის შესაძლებლობას იძლევა, ფერმერებზე მარტიდან დაიწყება.
მინისტრის განმარტებით, მთლიანობაში მთავრობა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება მიწის მესაკუთრეს, ვისაც 0-დან 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს.
პროგრამის მიხედვით, 0,25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები (სადაც ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება) მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს საქონლისა და ინვენტარის შესაძენად.
0,25-დან 1,25 ჰექტრის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები მიიღებენ 510 ლარის ღირებულების კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს. 1 ჰექტარზე გაანგარიშებით კომბინირებული ბარათი შედგება ორი კომპონენტისგან – ნიადაგის ხვნა, გაფხვიერება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა 300 ლარის ოდენობით.
510 ლარის ღირებულების ბარათს მიიღებენ ასევე ის ფერმერები, რომელთაც ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა აქვთ. ბარათით ფერმერები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენას შეძლებენ.
1,25-დან 5 ჰექტრამდე ფართობის მქონე ფერმერები 640 ლარის ნომინალურ ბარათს საქონლისა და ინვენტარის შესაძენად მიიღებენ.
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ღირებულება, 180 მლნ ლარს აღემატება. კირვალიძის თქმით, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით გახორციელდა და მთლიანობაში მთავრობა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640 ათასზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება.