ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ჯემალ კეჭაყმაძე წელიწადში ხუთჯერ _ შობას, აღდგომას, წმინდა ივლიტას და წმინდა კვირიკეს ხსენების დღეს, ღვთისმშობლობას და ტაქსის მსოფლიოს დღეს თავისი მანქანით მოქალაქეებს უფასოდ ემსახურება.

“ტაქსი უფასო“ – ეს წარწერა უკვე ხუთი წელია გაჩნდა ქალაქ ოზურგეთში. ჯემალ კეჭაყმაძე 81 წლის არის და ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში ცხოვრობს.
“გუშინ იმდენი ბედნიერი ადამიანის სახე ვნახე, ეს დიდხანს გამყვება. ხუთი წელია უკვე უფასოდ გადამყავს ერთ ადგილიდან მეორე ადგილამდე ადამიანები და ეს ჩემთვის არის ბედნიერება, სიცოცხლე და ახლა რომ გვაკლია – პოზიტივი.
60 ადამიანს მოვემსახურე წელს შობას უფასოდ. ბევრს აღარ უკვირს ეს ჩემი ქმედება, მაგრამ ისეთებიც შემხვდნენ, რომლებიც გაკვირვებულები დარჩნენ – “მაგი რაფერია ახლა ამ კორონავირუსის დროსო“, _ მითხრა ერთმა ადამიანმა.
კიდევ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ორი ქალი ავიყვანე ბახვის გადასახვევთან, მერე იკითხეს მგზავრობის ფასი. მე ვუთხარი ჩაბრძანდით ქალბატონო და აწერია მანქანაზე-მეთქი. ტრაფარეტზე კი “ტაქსი უფასო“ ეწერა. ახლაც მახსოვს მათი ემოციები, იმხელაზე იკივლეს. საჩუქარი მეც მერგო _ ერთ-ერთი მანქანების სამრეცხაოდან შემომეხმიანეს და უფასოდ გამირეცხავენ მანქანას. მოკლედ ძალიან ემოციური და თბილი დღე იყო“, _ გვითხრა ჯემალ კეჭაყმაძემ.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკურენტი ტაქსის მძღოლებისგან შეექმნა თუ არა პრობლემები ამ აქციის გამო?“ – რაზეც ჯემალ კეჭაყმაძემ გვიპასუხა:
“პირველად, რომ დაინახეს ეს წარწერა, ხუთი წლის წინ გაუკვირდათ. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. უბრალოდ, ამ აქციით მე თვითონ ვიღებ, პირველ რიგში, სიამოვნებას, ბედნიერად ვგრძნობ თავს“.
81 წლის ჯემალ კეჭაყმაძე ელოდება, ოფიციალურად როდის გაიხსნება თეატრი.
“2020 წელს დასრულდა თეატრის რეაბილიტაცია და დავიწყეთ რეპეტიციები. კორონავირუსის დროს ერთი წუთითაც არ დაგვისვენია. ხუთი პრემიერა გვაქვს და ერთი სული გვაქვს, როდის მოიხსენება ეს რეგულაციები. ხალხთან შეხვედრა მოგვენატრა. ხუთი სპექტაკლიდან სამში მე ვთამაშობ. იმედია, მალე შევხვდებით ჩვენს მაყურებელს.
მძიმე წელი იყო 2020 და 2021 წელს ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერ დღეებს გისურვებთ“, _ გვითხრა ჯემალ კეჭაყმაძემ.






























































