“ეს ჩემი სოფლის გზაა და ნურავის ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოცნებაზე კარგს არაფერს ვიტყვი. ჩემთვის საქართველო იწყება ამ ქუჩიდან და ამ წერტილიდან. მიუხედავად ბევრი დაპირებისა, კიდევ ამ დღეშია”, _ ამ პოსტს ვიდეოსთან ერთად სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის მცხოვრები დავით ბერიშვილი ავრცელებს.
როგორც “გურია ნიუსს” აღნიშნული უბნის მცხოვრებლებმა უთხრეს, ხელისუფლების ყოველი ცვლილებისას თუ მოსახლეობასთან შეხვედრისას, საუბარია სოფლის შიდა გზების საგანგაშო მდგომარეობაზე. მათი თქმით, შეხვედრა და საუბარი მუდამ დაპირებით სრულდება, თუმცა, “გზა, იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე აქამდე იყო, სახეზეა.
“დავიღალეთ ამდენი თხოვნა-მუდარით. ჩვეულებისამებრ, დასჭირდებათ სოფლიდან ხმები, მოვლენ დაგვპირდებიან _ ასე ვიზამთ, იზე ვიზამთო და წავლენ. ჩვენც ვართ იმედიანად. წლები გავიდა ამ დაპირებებში და გზა, რომლის გაკეთებასაც თითქმის მთელი ცხოვრებაა ვითხოვთ, იმავე კი არა, უარეს დღეშია. ფეხით გადაადგილებას ვინღა ამბობს, მანქანითაც ჭირს. ბავშვები ცხოვრობენ, სკოლაში დადიან, სახლიდან სკოლამდე თუ წვიმაა ან ნაწვიმარია, ტალახში ამოსვრილები მიდიან. რა ვქნათ, გვითხრას ვინმემ. ჩვენ არ ვეკუთვნით ჩოხატაურს?! თუ არ ვეკუთვნით, გვითხრან და გვეცოდინება, რომ არ უნდა ველოდოთ მაგათგან არაფერს”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას იმ უბნის მცხოვრებლები, რომლის შესახებაც დავით ბერიშვილი წერს.
უბნის მცხოვრებთა თქმით, გზას ცხაურებიც კი არ აქვს რომ ნალექი გაატაროს.
სოფელ შუაფარცხმის აღნიშნული უბნის მცხოვრებთა პრობლემასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს დავით შარაშიძეს ესაუბრა. შარაშიძის თქმით, აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით დაპირება არ გაუცია, თუმცა, მაქსიმალურს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად.
“ჩვენგან მაგ გზასთან დაკავშირებით შეპირება არ ყოფილა, მაგრამ მივალ, ვნახავ რა მდგომარეობაა, შევისწავლი საკითხს და მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ ჩვენი მოსახლეობა კმაყოფილი იყოს“, _ გვითხრა დავით შარაშიძემ.