(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფლებში შეხვედრები დაიწყო
17 მარტს, სოფლის განვითარების მხარდამჭერი პროგრამის მოსახლეობისთვის უკეთ გაცნობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა, სოფელ ძიმითის და ნაგომრის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს გასულ წლებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების მიზნობრიობაზე. საკრებულოს თავმჯდომარე დაინტერესდა, ჩატარდა თუ არა სამუშაოები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მოხდა თუ არა თანხების მიზანმიმართულად ხარჯვა.
მამეშვილმა მოსახლეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ოდენობა გააცნო და სოფლისთვის პირველ რიგში გადასაჭრელ პრობლემებზე ისაუბრა.
სოფელ ძიმითის მოსახლეობამ სადრენაჟე არხების გაკეთება მოითხოვა. მათი თქმით, არხების არქონის გამო, საყანე ფართობები იტბორება. ასევე, წამოიჭრა დამეწყრილი სახლების შეკეთების, შიდა გზების მოწესრიგების და წყლის მიწოდებისთვის საჭირო მილგაყვანილობის შეძენა-მონტაჟის საკითხი.
სოფელ ნაგომრის მოსახლეობამ ძირითად პრობლემად გაბიონის არქონა დაასახელა, რაც, მათი თქმით, მოსავლის აღების დროს პრობლემას ქმნის. ითქვა მილ-ხიდების გაკეთების აუცილებლობაზეც.
“ჩვენი შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენს, მოსახლეობას განვუმარტოთ, რაში შეიძლება დაიხარჯოს გამოყოფილი თანხა და ერთად დავგეგმოთ შესასრულებელი სამუშაოები. რაც უფრო მეტად იქნება მოსახლეობა ჩართული სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში, მით მეტი იქნება სანდოობა აღნიშნული პროგრამის მიმართ. ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ ის, რაც მოსახლეობას სურს და სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ სოფლებში შეხვედრებს და უახლოეს დღეებში მოვიცავთ მთელ მუნიციპალიტეტს,” _ გვითხრა ალეკო მამეშვილმა.