ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის ელჩი აშშ-ში თეთრ სახლში დაიბარეს. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.
“გასულ ღამეს ჩინეთის ქმედებების შედეგად, ჩვენ ელჩი თეთრ სახლში დავიბარეთ, რათა გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთი სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არის უპასუხისმგებლო და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს – შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე”. – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
დღესვე, ნენსი პელოსიმ თქვა, რომ “დავიცავთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა, რას ნიშნავს ტაივანის სრუტეში მშვიდობა”.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთმა ნენსი პელოსისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა.
ცნობისთვის, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებდა. ტაივანის პრეზიდენტმა კი მას აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.
ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ “დემოკრატები ერთად დგანან” საერთო გამოწვევების წინაშე.
ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.
ავტორი