საზოგადოებრივი კავშირი “დროას” პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. კავშირის დამფუძნებელი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ ის ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა არასამთავრობოებში მუშაობის გამოცდილება, ხოლო ის წევრები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ, მომავალში ყველაფერს შეისწავლიან, რაშიც დამფუძნებლები დაეხმარებიან.
ქეთევან ჭელიძე (კავშირის წევრი): ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს. კონკრეტული გეგმები არ გვაქვს, დღეს შედგა პრეზენტაცია, გავთვითცნობიერდებით, უფრო გარკვევით ჩამოვაყალიბებთ მუშაობის გეგმას და შემდეგ უფრო დაზუსტებით გავაცნობთ მოქალაქეებს.
ჯაჭვში ჩაბმულ ახალგაზრდებთან გასაუბრებისას ბევრი ვერაფერი გავიგეთ, თუ რა გეგმები, რა მიზნები და ამოცანები აქვს ამ ორგანიზაციას დასახული. ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა, ჩვენ გვინდა სამართლიანობისთვის ბრძოლაში ჩვენი სიტყვა ვთქვათ, გვინდა ნატოში გაწევრიანება, გვექნება სამუშაო გეგმა, ვიმუშავებთ ისე, როგორც მუშაობენ სხვა არასამთავრობოები. ზოგიერთმა კი ისიც არ იცოდა რა ორგანიზაციაში გაწევრიანდა, საერთოდ რატომ იყო იქ და დახმარებისთვის მეგობრებს ეძახდა, _ მოდი, რა ვუთხრა არ ვიციო.
ორგანიზაციის წევრები ყველას მხარდაჭერისკენ და სამართლიანობისთვის ბრძოლაში ერთად დგომისკენ მოუწოდებდნენ.