ჩვენი ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ვლადიმერ სიხარულიძე ინიშნება. ამ სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად ახლახან დანიშნული გამგებლის ყოფილი მოადგილე, გია გიორგაძე კი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს ჩაიბარებს. ამ სამსახურის ამჟამინდელი უფროსი, ლევან ჩხიკვაძე ანალიტიკური სამსახურის უფროსად დაინიშნება. ახალი ხელმძღვანელი ეყოლება იურიდიულ სამსახურს _ ამ პოსტს იურისტი მარინა ბერაძე დაიკავებს.
ახალი კადრი _ ნუკრი დუმბაძე ინიშნება ადმინისტრაციულ სამსახურის უფროსად. ჯერჯერობით, უცნობია, შეიცვლებიან თუ არა შესყიდვების და საფინანსო სამსახურის უფროსები. ამ ეტაპზე გაურკვეველია ვინ უხელმძღვანელებს სოციალურ სამსახურს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყველა სამსახურში ოფიციალურად შეიქმნა განყოფილებები, რომელთა ხელმძღვანელების პოსტზე სამსახურის ყოფილი უფროსები დაინიშნებიან.
რაც შეეხება სოფლის რწმუნებულებს, როგორც გავიგეთ, თითქმის ყველა მათგანმა უკვე დაწერა განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე განცხადება არ დაუწერია კოხნარის რწმუნებულს ჟიფო ცინცაძეს, ვანზომლეთის რწმუნებულს როსტომ ხუხუნაიშვილს, ნაბეღლავის რწმუნებულს გია კალანდაძეს და ქვენობნის რწმუნებულს ბონდო დოლიძეს.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის თქმით, სოფლის რწმუნებულებად ის ადამიანები დაინიშნებიან, რომლებიც “ქართული ოცნების” აქტივს წარმოადგენენ და რომლებსაც სოფლის უშუალო მხარდაჭერა ექნებათ.