“ახალციხეში ქვესადგური “ახალციხე-500”-ის დათვალიერების შემდეგ ვეწვიეთ რაბათის ისტორიულ უბანს. გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა ის მდგომარეობა, რაც ცოტა ხნის წინ სატელევიზიო სიუჟეტის სახით გავიდა, თუ როგორი დაცარიელებულია რაბათის “რეაბილიტირებული” უბანი.
სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ აგებული ფასადური აღმშენებლობისა და ვითომ-ეკონომიკური „აღმავლობის“ კიდევ ერთი კლასიკური სქემის მოწმე გავხდით. ადგილზე მოვიძიეთ საიჯარო ხელშეკრულებების სია, სადაც ჩამოთვლილია რაბათის უბანში კომერციული ობიექტების მოიჯარეების დასახელება. ყველა მათგანს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ზუსტად ერთ დღეს, ერთიდაიგივე პერიოდით და წინასწარ გადახდილია ქირა 2013 წლის 15 მაისამდე.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ თუ რა “იაფი” ღირდა იჯარა და თავად განსაჯოთ, მოცემული კომპანიების ერთსულოვანი გადაწყვეტილება ახალციხეში ბიზნესის გაფართოების შესახებ ეკონომიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული თუ პოლიტიკური მითითებისა და ზეწოლის შედეგად. დღეისთვის ძალით მიყვანილი მოიჯარეების ხელშეკრულებები შეწყვეტილია ეკონომიკური არამომგებიანობის გამო კომპანიებისვე სურვილით.
საქართველოში ბიზნესი სამუდამოდ განთავისუფლდა წნეხისა და ტერორისგან. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დაიწყება ნამდვილი ეკონომიკური აღმავლობა ნაცვლად იმ ფასადური “სარგებლისა”, რასაც გვთავაზობდა ზოგიერთი მომაკვდავი პარტია. ამას იგრძნობენ ახალციხელებიც და ყველა სხვა კუთხის მაცხოვრებლებიც.” _ წერს კალაძე.




































































