84 საჯარო სკოლის შიდა გარე პერიმეტრების კამერებით აღსაჭურვად კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა.
როგორც შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული ტენდერით ირკვევა, ჯამში შეისყიდიან 4380 კამერას, რომელთაგან 1832 გარე პერიმეტრს გადაიღებს, 2548 კი – შიდა სივრცეს.
იმ სკოლების სიადან კი სადაც ვიდეოკამერებს დააყენებენ, იკრკვევა, რომ 2 სკოლა გურიაში მდებარეობს. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 1-ლი საჯარო სკოლა და სსიპ ‐წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა აღიჭურვება.
ცნობისთვის, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 4,9 მილიონ ლარად კამერებთან ერთად უნდა იყიდონ ქსელური ჩამწერები, მყარი დისკები, უწყვეტი კვების წყაროები, მონიტორები და სხვა დამხმარე მოწყობილობები.
ტენდერში განაცხადების წარდგენა 2 აპრილს დაიწყება და 36 საათში, 3 აპრილს 12:00 საათზე, დასრულდება.
ინფორმაციისთვის, ტენდერის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.