“მოცემულ შემთხვევაში ამნისტიის საკითხზე ყურადღების გამახვილება საჭიროდ მივიჩნიეთ მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თაღლითობაში მსჯავრდებულ ა.რ.-ს საქმეზე. “ამნისტიის შესახებ” კანონის თანახმად, თაღლითობაში მსჯავრდებულ პირს ამნისტია სრულად ეხება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ამნისტიაზე თანხმობას აცხადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი 1/4-ით მცირდება.
მითითებულ საქმეში დაზარალებულად ცნობილი არავინ იყო. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს დაზარალებულის არარსებობის პირობებში დამოუკიდებლად მიეღო სათანადო გადაწყვეტილება ამნისტიის სრულად გავრცელების შესახებ, მოსამართლემ საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელი მოიწვია პოზიციის დასაფიქსირებლად. შედეგად სასამართლომ გაიზიარა პროკურორის პოზიცია და მსჯავრდებულ ა.რ.-ს სრული ამნისტიის ნაცვლად, მხოლოდ 1/4-ით შეუმცირა სასჯელი.
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კანონის განმარტება სამართლიანად არ მოხდა. იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ გადასაწყვეტ საკითხზე კანონი ზუსტ და ნათელ პასუხს არ იძლეოდა, მას საკანონმდებლო ბუნდოვანების განმარტება ადამიანის უფლებებისათვის პრიორიტეტის მინიჭებით უნდა მოეხდინა და არა საქმეში დაზარალებულად არცნობილი სახელმწიფოს პოზიციის გათვალისწინებით.” _ ნათქვამია “საიას” განცხადებაში.
ვინაიდან კანონით გათვალისწინებულ პირთა წრეზე ამნისტიის გამოყენება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ მიიჩნევს, შეახსენოს როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ისე სასამართლოს, რომ მათ ამნისტიის კანონი გამოიყენონ მისი მიზნიდან და ინდივიდის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონიერებისა და სამართლიანობის მოთხოვნათა დაცვით.