როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში ერთერთი ოჯახი დააყაჩაღეს. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ყაჩაღობის დროს 4 პირი ე.წ. “აბრეზითა” და დანებით შეიარაღებულნი იმყოფებოდნენ. ყაჩაღობა ჩოხატაურში 21 თებერვალს მოხდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თებერვლის თვეში, მაღაზიების გაქურდვის ფაქტები დაფიქსირდა.
ოზურგეთში, ტექნიკის მაღაზია “ელეგანტი” გაიქურდა, საიდან გატანილია რამდენიმე ათასი ლარის ტექნიკა, ძარცვა 24 თებერვალს მოხდა, 27 თებერვალს კი ოზურგეთის ცენტრში ნათურების ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.
“გურია ნიუსი” ინფორმაციისთვის დაუკავშირდა შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსს გოჩა ჟღენტს, რომელმაც განგვიცხადა, რომ აღნიშნულ ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
_აქ იმდენი საქმეა, არ ვიცი რომელზე მეკითხებით კონკრეტულად, ასე ვერ გიპასუხებთ რა ხდება, რაღაც არ მახსენდება მსგავსი ფაქტები, -გვითხრა გოჩა ჟღენტმა.
შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსი გია დოლიძე „გურია ნიუსთან“ ჩოხატაურში ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებს.
_ ყაჩაღობის ფაქტი ნამდვილად მოხდა, იყო ასეთი შემთხვევა, დანაშაული ჯერჯერობით გაუხსნელია, მაგრამ სავარაუდოდ გავხსნით, – აღნიშნა გია დოლიძემ.
გურიაში გახშირებულ ქურდობებთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს გოჩა ფერსაშვილს დაუკავშირდა:
_ ბატონო გოჩა, რას გვეტყვით გურიაში ბოლო ერთი თვის მანძილზე გახშირებულ ქურდობებთან დაკავშირებით? ლანჩხუთში მაღაზიების ქურდობები, ჩოხატაურში _ ყაჩაღობა, ოზურგეთის ცენტრში _ ძარცვა და ა.შ. როგორც ვიცით, ბევრი საქმეა გაუხსნელი…
_არანაირი დანაშაული არ არის მომრავლებული, სიტუაცია არის სტაბილური, ყველა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა საქმე გაიხსნება ნელ-ნელა, გვითხრა ფერსაშვილმა.