“დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესცენტრის მიერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა ადვოკატ ა. ალადაშვილის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი დოკუმენტები ეხება სხვა მოსამართლეს და არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს.
საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობის თავიდან აცილების მიზნით პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს განასაჯაროოს გამოძიების ზოგიერთი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ ალეკო ალადაშვილის გარდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის დიპლომთან დაკავშირებით სასამართლოში დავას აწარმოებდა მოქალაქე ფრიდონ მაისურაძეც, რომელიც ითხოვდა ბესარიონ ალავიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლება. უზენაესმა სასამართლომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა და განაცხადა რომ ეს გარემოება არ წარმოადგენდა მოსამართლის აცილების საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებისათვის ალექსანდრე ალადაშვილის მიერ პროკურატურისათვის საჩივრით მომართვამდეც ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ გარემოების შესახებ, რომ ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს გააჩნია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი”-ს დამთავრების დამადასტურებელი საბუთი, რაც არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს,” _ ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით სრულად ვაქვეყნებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013 წლის 28 თებერვლის წერილს, რომელიც გამოთხოვილი იქნა გამოძიების მიერ: “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან სანადირაძის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მოსამართლეების მაია გიგაურისა და ბესარიონ ალავიძისათვის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომები არ მიუციათ .
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ 1998-2002 წლებში გამოცემული ბრძანების მიხედვით (თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის ბრძანება 20/291და 19/061)მაია გიგაურს და ბესარიონ ალავიძეს არ მინიჭებიათ აკადემიური ხარისხი ან კვალიფიკაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ მაია გიგაურსა და ბესარიონ არავიძეს არ მინიჭებიათ იურისტის კვალიფიკაცია და მათ სახელზე გაცემული დიპლომები არ არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,” _ ნათქვამია წერილში.