პრაიმერი დილიდან დაიწყო და 625 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
პრაიმერში ორი კანდიდატი მონაწილეობდა _ “რესპუბლიკელი” უჩა ჩხაიძე და ბიძინა ხუხუნაიშვილი “ქართული ოცნებიდან”.
ხმის მიცემა გადამტანი ყუთების დახმარებით მიმდინარეობდა, დათვლა კი გვიან ღამით დასრულდა. გამარჯვება უჩა ჩხაიძემ მოიპოვა _ მას ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა _ 436 ხმა, მეორე კანდიდატს კი _ 178. თერთმეტი ბიულეტენი ბათილად ცნეს.
პრაიმერის დასრულების შემდეგ დამარცხებულმა კანდიდატმა გამარჯვება მიულოცა უჩა ჩხაიძეს.
ხმის დათვლას მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძეც ესწრებოდა, რომელმაც პრესასთან კომენტარი ხმის დათვლამდე გააკეთა: “დღეს აცანაში ტარდება შიდა პრაიმერი, რომლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ ვინ ექნება მოსახლეობის უფრო დიდი მხარდაჭერა. მე მაქვს უფლება, თვითონ დავნიშნო რწმუნებული, მაგრამ რადგან სოფელში ორი კანდიდატია, ვითვალისწინებ მოსახლეობის აზრს, ვითვალისწინებ იმასაც, რომ არ მოხდეს კოალიციას შორის დაპირისპირება. სადაც ორი ან მეტი კანდიდატი იქნება, ყველგან პრაიმერს ჩავატარებთ. შვიდი სოფლიდან სამში უკვე ჩატარდა პრაიმერი. შესაძლოა, აკეთშიც მოგვიწიოს ჩატარება,” _ თქვა ურუშაძემ.
უჩა ჩხაიძემ სოფელს ნდობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა: “შევეცდები, მათი ასეთი მხარდაჭერა გავამართლო. სოფელს ძალიან უჭირს და მთავრობის მხარდაჭერით მაქსიმალურს გავაკეთებ,” _ თქვა ჩხაიძემ.