ნანა კაკაბაძე – ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებიც 13 იანვარს გათავისუფლდნენ და რომელთა პოლიტპატიმრობის სტატუსი აღიარა პარლამენტმა, გამოვიდნენ ინიციატივით, რომ 14 აპრილს, სპორტის სასახლეში შეკრიბონ ყველა ის ადამიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დააზარალა. სულ ორი მოთხოვნა იქნება: პირველი, რომ უნდა გასამართლდეს რეჟიმი და მეორე, “ნაციონალური მოძრაობა” გამოცხადდეს კანონგარეშეს. პოლიტპატიმრები წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ, რომლებიც პატიმართა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში მონაწილეობდნენ, ან ამ ქმედების დამკვეთები იყვნენ. აქციის პროგრამაში მითითებულია, რომ პოლიტპატიმრები ჰააგის ტრიბუნალზე მათ გასამართლებასაც მოითხოვენ. ისინი სპეციალურ მიმართვას მთავრობასა და პარლამენტს გაუგზავნიან. აღნიშნული მიზნით, აქციაზე ხელმოწერებიც შეგროვდება. პოლიტპატიმრები აქციაზე დასასწრებ მოსაწვევებს დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებსა, პარლამენტარებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნიან.
აქციის ორგანიზატორიები ამბობენ, რომ სპეციალურად ამ დღისთვის იქმნება ჰიმნი. ღონისძიების რეჟისორი, სავარაუდოდ, ბასა ჯანიკაშვილი იქნება. პოლიტპატიმრები ამბობენ, რომ აქციაზე ყველა ის ადამიანი უნდა მივიდეს, რომელიც თავს “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევს.