ფატი ფუტკარაძის დანიშვნის შესახებ “გურია ნიუსი” რამდენიმე დღის წინ წერდა. მიუხედავად იმისა, რომ მის დანიშვნას მერიაში მცხოვრების ერთი ნაწილი მხარს არ უჭერდა, ოზურგეთის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ მერიის სოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლად ფატი ფუტკარაძე დანიშნა.
რა თქმა უნდა, ახალი რწმუნებულის დანიშვნას მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან (სოფლის ახალი რწმუნებულების წარდგენა მოსახლეობასთან მედიის გარეშე ხდება.ავტ) და საკადრო ცვლილებების შესახებ სოციალური ქსელით გახდა ცნობილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო სალუქვაძის გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელმა სოფელ მერიის ახალი რწმუნებული სამთვიანი საგამოცდო ვადით დანიშნა.
“სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილმა ადგილობრივებმა კოტე შარაშენიძეს სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით მიმართეს, რასაც გამგებლის მყისიერი რეაქცია მოჰყვა, მან სოციალური სამსახურის უფროსთან ადგილზევე გაარკვია იქ მყოფი რამდენიმე შეჭირვებული მოქალაქის დახმარების საკითხი.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ასევე ჯანდაცვის იმ საყოველთაო დაზღვევის პაკეტზე ისაუბრა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საავადმყოფოებში 1 ივნისიდან აამოქმედებს.” – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.