მას თან ახლდნენ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი.
მინისტრი გურიის რეგიონის სამედიცინო პერსონალს შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ორი საათი გაგრძელდა.
ვინაიდან საქართველოში 28 თებერვლიდან დაფინანსდა ახალი სადაზღვევო სისტემა, ამუშავდა ფონდი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა 2 200 000 მოქალაქის დაზღვევაზე, ახალი სისტემის მიმართ გაჩენილ კითხვებზე სასაუბროდ მინისტრი რეგიონებს თავად სტუმრობს.
დავით სერგეენკო: “ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო შევხვედროდი ყველას, მივხედო ყველა რაიონს და თითოეულ იმ დაწესებულებას, რომელიც ადგილზეა; დავადგინო ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს. ეს არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც დავიწყეთ და ეძღვნება ყველა სახელმწიფო დაწესებულების შემოვლას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეხვედრას გურიის სამედიცინო საზოგადოებასთან, გაკვირვებული დავრჩი _ უამრავი პრობლემა დაგროვდა სოფლის ექიმთან მიმართებაში, ძალიან პრობლემური თემაა და უნდა შევეცადოთ ფორსირებულად მოვაგვაროთ.”