“პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხზე, რადგან ეს არის მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება ხალხის ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტით. ამიტომ, საზოგადოებას და მათ შორის ჩვენც, პარლამენტარებს, უფლება გვაქვს, მივიღოთ ობიექტური ინფორმაცია მათგან, რომლის დეფიციტი გვქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს იყენებდა საკუთარ პროპაგანდისტულ იარაღად და ხშირად გადიოდა სიუჟეტები, რომელიც პირდაპირი რეკლამა იყო “ნაციონალური მოძრაობის”.
გარდა ამისა, მახსოვს 26 მაისი, როდესაც ხალხს, ფაქტობრივად ქუჩაში ხოცავდნენ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თუ არ ვცდები, რაღაც დოკუმენტური ფილმის ჩვენება მიდიოდა. ეს ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებასაც. ფაქტია, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოთხოვნებს ვერ პასუხობდა და ხშირად ხდებოდა მაუწყებლის შესახებ კანონის დარღვევაც, რაც მათ მიერ ჩატარებულ ტენდერებშიც გამოიხატებოდა.
_ თქვენ თვლით, რომ მაუწყებელი დღესაც კონტროლირებადია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ?
_ “ნაციონალური მოძრაობა” დღესაც ცდილობს ამ ტელევიზიის გაკონტროლებას. ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, ხათუნა ბერძენიშვილი, ფაქტობრივად, “ნაცმოძრაობის” რუპორად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, სამწუხაროდ ასე იყო.
როგორც ჩანს, სამეურვეო საბჭო არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებებში. რატომღაც, ძალიან დიდი ეჭვია იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ არის ეს ბორდი და ვერ თავისუფლდება მისი მარწუხებისგან. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შესწავლა ჭირდება და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომელიმე პარტიის პრესსამსახური არ უნდა იყოს.
როცა “ნაცმოძრაობა” მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს, ეს ცოტა უხერხულია. თუ ვინმე მედიაზე ზეწოლას ცდილობდა, ეს ყოფილი ხელისუფლება იყო და ამ გავლენების შენარჩუნებას დღესაც ცდილობენ. პრობლემა ნამდვილად აქტუალურია, რომელსაც მოგვარება ჭირდება და ამაში პარლამენტი თავის როლს აუცილებლად შეასრულებს