მოსახლეობის თქმით, ხეთის თემში შედის 5 სოფელი, ერთ-ერთი სოფელია წინაგოლა, თავისი 245 კომლით. სკოლაში 150 ბავშვი სწავლობდა.
იქაურებისთვის გაუგებარია, რატომ დახურა განათლების სამინისტრომ ეს სკოლა ყველასთან შეუთანხმებლად მაშინ, როცა სკოლის საარსებოდ ყველა პირობა იყო.
– ჯერ საჯარო სკოლა საბაზო სკოლა გახდა და მერე საერთოდ დაიხურა. ძალიან ძნელია და, მით უმეტეს, ზამთარში, უმცროსკლასელთათვის _ მათ დღეში 10 კილომეტრის გავლა უხდებათ მძიმე სასკოლო ჩანთებით. ჩვენ ვითხოვთ, განათლების სამინისტრომ აღადგინოს სკოლა სოფელში ან ტრანსპორტირების პრობლემა მაინც მოგვიგვარონ, _ ამბობენ სოფელში.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტის წევრს, გიგა ბუკიას, რომელიც კარგად იცნობს ხობელების პრობლემებს:
გიგა ბუკია: “თქვენ იცით, რომ მე ხობის მაჟორიტარი დეპუტატი არ ვარ, მაგრამ მაინც ვცდილობ საქმის კურსში ვიყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა სოფელ წინაგოლის მოსახლეობას და მათთან ერთად გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია სოფლისთვის წყლის პრობლემის მოგვარება და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებენ. რაც შეეხება სკოლას, ამ ეტაპზე მოსწავლეებს ემსახურება სასკოლო ავტობუსი და ტრანსპორტირების პრობლემა მოგვარებულია. მე, პირადად, განათლების სამინისტროსთვის მიწოდებული მაქვს ამ სკოლის შესახებ ინფორმაცია და სოფლის მოთხოვნაც. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ნამდვილად კარგი იქნება, სკოლა თუ აღდგება და ფუნქციონირებას გააგრძელებს. ვიცი, რომ ხობის მუნიციპალიტეტის აზრითაც, სოფელ წინაგოლში საჭიროა არსებობდეს სასწავლო დაწესებულება და მოსახლეობის მოთხოვნას კომპეტენციის ფარგლებში გვერდით დაუდგებიან.”