საუბარია დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდზე, როცა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კახაბერ ჩიხლაძის განცხადებით, 56 ათასი ლარის საწვავი სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების გადაადგილებაზე დაიხარჯა.
“2013 წლის 29 იანვარს, სამხედრო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგამოძიებო გაყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძემ სიტყვიერი ბრძანებით შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალს გიორგი კერესელიძეს დაავალა, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზვიად გაგუას დიზელისა და ბენზინის საწვავით მოემარაგებინა “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდელი აქტივისტები.
საწვავი მუხიანის საწვავ-საპოხი ბაზიდან უნდა გადაეტანათ ბენზინმზიდებით, რომლებსაც მოხსნილი ექნებოდათ სამხედრო ტრანსპორტისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მძღოლები კი იქნებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმლით, აიდი ბარათების გარეშე.
კალანდაძის ბრძანებით, მეორე ქვეით ბრიგადაში 2012 წლის 22, 26 და 28 სექტემბერს გაიგზავნა დაახლოებით 22 ათასი ლიტრი საწვავი და 14 600 ლიტრი დიზელი, ბრიგადის მეთაურმა გაგუამ საწვავი გასცა სამეგრელოში “ერთაინი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებზე, რათა მათ წინასაარჩევნოდ შეუფერხებლად შეძლებოდათ გადაადგილება.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროში 2012 წლის 25 ოქტომბრის თარიღით შედგა საწვავის გადაცემის ყალბი ცალმხრივი აქტი, თითქოს 11 080 ლიტრი ბენზინი გადაეცა შინაგან საქმეთა სამეგრელო-ზემოსვანეთის სამმართველოს. წინამდებარე აქტს დაურთეს სამი ზედდებული, რაც დაამტკიცა მეორე ბრიგადის მეთაურმა გაგუამ. საინტერესო ფაქტია, რომ გაგუა ამ დროისათვის მძმე ბრალდებისათვის იყო გასამართლებული და ითვლებოდა პრობაციონერად.
გამოძიების ინფორმაციით, ამ დროისათვის დაიკითხა 400-მდე პირი, მათ შორის 300-ზე მეტი მძღოლი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელთა დავალებით მობილიზებული იყვნენ სამეგრელოში და აქტივისტები გადაყავდათ ერთი ადგილიდან მეორეზე, საწვავს ისხამდნენ იმ ბენზინმზიდებიდან, რომლებიც მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურის გაგუას მიერ იყო მობილიზებული.”
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სულ გაიცა 12 315 ლიტრი დიზელი და 11 365 ლიტრი ბენზინი, რითაც სამინისტრომ 56 000 ლარით იზარალა.
საქართველოში დაბრუნებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.