22-23 ივლისს, ქალაქმა ფოთმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს კარატე დოში _ კიკბოქსინგი k1-ის წესები და ბრძოლა წესების გარეშე. mmm-ში (პრეზიდენტი ბაჩო სულამანიძე) მონაწილეობდნენ ფოთის, აბაშის, კასპის, ქუთაისის, რუსთავის, გალის, ხონის, ხარაგაულის, სენაკის, თბილისის, წალენჯიხისა და ჩოხატაურის სპორტსმენები.
ჩოხატაურელები წარმოდგენილნი იყვნენ სპორტისა და სპორტული ღონისძიებათა ცენტრის კიკბოქსინგის ის მებრძოლებით.
“ტურნირში წარვდექით 6 სპორტსმენით. მათ შორის იყო ორი ახალბედა _ შოთიკო ახალაძე და მაკარ უშვერიძე; პროფესიონალებში კი იბრძოდნენ ანდრია ლორია, თემურ კიკვაძე, საბა დოლიძე და გურამ შავაძე.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლები ძალიან დაძაბული გამოდგა. ჩოხატაურელები ყველა ბრძოლას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ამ ტურნირიდან ჩვენი მონაგარი ასეთია: ანდრია ლორიამ და თემურ კიკვაძემ პირველობა არავის დაუთმეს და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
საბა დოლიძე, შოთიკო ახალაძე, მაკარ უშვერიძე ამ ბრძოლაში ვერცხლს დასჯერდნენ, ხოლო გურამიკო შავაძემ ტურნირიდან ბრინჯაო წამოიღო”, _ თქვა გურია ნიუსთან საუბრისას ბიჭების მწვრთნელმა, კიკბოქსინგის ოსტატმა, შავი ქამრისა და პირველი დანის მფლობელმა კარატეში, ასევე, შავი ქამრისა და პირველი დანის მფლობელმა დოკანდოში გივი გოგუაძემ.