“უზენაესი სასამართლო მიესალმება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობას. მისასალმებელია ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შენიშვნები კერძოდ, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკონონდმებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკედბლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა.
ასევე, ვენეციის კომისია განმარტავს, რომ “სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეებს, მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირს, რომელსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა შეეზღუდოთ უფლება საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ იქნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად. ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილ მოსამართლეთა წრეს ეზღუდებოდა იუსტიციის საბჭოში არჩევის შესაძლებლობა.
უზენაესი სასამართლო იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას და არ ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი ორგანოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქმიანობაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლო მზადყოფნას გამოთქვამს წამყვანი როლი შეასრულოს სასამართლო ხელისფლების შემდგომი რეფორმირების პროცესში. ამ მხრივ უზენაესი სასამართლო მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების რიგ დებულებებს. უზენაესი სასამართლო მზადყოფნას გამოთქვამს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებულობის გაძლიერებისა და შემდგომი რეფორმირების წარმატებულად წარმართვის მიზნით ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.