(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა შანიძემ, სოფლის განვითარების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, სოფლების _ ნაგომრისა და ძიმითის შემდეგ, ბაილეთში, სილაურსა და ჯუმათში გამართეს შეხვედრები.
გიორგი ტაკიძის თქმით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებულობაა, თუ როგორ და სად იხარჯება მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხები.
შეხვედრებზე მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით უნდა მოხდეს პრობლემების განხილვა და პრიორიტეტების კვლევა. სამივე სოფლის საერთო პრობლემას წარმოადგენს საყანე ფართობებზე გაბიონების მშენებლობა, რომლის გარეშეც ადიდებული მდინარეები თითქმის მთლიანად ანადგურებენ ნათესებს; აგრეთვე, გზის მოხრეშვითი სამუშაოები, გარე განათების დამონტაჟება, მოძველებული და ამორტიზებული ელექტრო სადენების შეცვლა _ ეს ის პრობლემებია, რომლებსაც პირველ რიგში მოსაგვარებლად მიიჩნევენ სოფლის მცხოვრებლები.
_ საქართველოს მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საყანე ფართობებში სამელიორაციო სისტემის მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას, _ აღნიშნა პარლამენტის წევრმა, გოჩა შანიძემ.
_ ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია გავიგოთ, რეალურად რა სჭირდება სოფელს და მასთან ერთად დავგეგმოთ გასახორციელებელი სამუშაოები. მინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი იღებდეს მონაწილეობას პრიორიტეტების დაგეგმვაში და გაუჩნდეთ განცდა, რომ ის, რაც კეთდება, მათი უშუალო მონაწილეობით კეთდება, _ თქვა ალეკო მამეშვილმა.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მეტი ჩართულობისა და პრიორიტეტების კვლევის მიზნით, შეხვედრები გაიმართა ლაითურში, ნარუჯაში, მთისპირში, ასკანასა და შემოქმედში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გავლენ.