“პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა იპოთეკის სამართლებრივ რეჟიმზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანისგან შედგება და მომავალში გაფართოვდება. იგეგმება რეფორმის რამდენიმე ეტაპად განხორციელება: პირველი ეტაპი შეეხება კერძო იპოთეკარების საქმიანობას. ჩვენი მიზანია, რომ კერძო იპოთეკარებმა ვეღარ შეძლონ ისარგებლონ სესხის ამღებთა უმწეობით და აღმოჩნდეს ისე, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე მრავალმა ადამიანმა დაკარგოს საცხოვრებელი. ეს არის დიდი ტრაგედია და სამართლებრივი რეგულირება იქნება საჭირო, რომ სისტემა იყოს დაბალანსებული და ამგვარი გარიგებები იდებოდეს არა უმწეობის გამოყენებით, არამედ ეს იყოს რეალური შეთანხმება, სადაც ორივე მხარის ინტერესი იქნება დაცული”. _ განაცხადა წულუკიანმა, რომელიც ახლადშექმნილი ჯგუფის სხდომას თავადაც დაეწრო.
იუსტიციის მინისტრის თქმით, წინა ხელისფლებას არანაირი სტატისტიკური კვლევა არ ჩაუტარებია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ოჯახს ემუქრება გამოსახლება. მისი თქმით, კერძო იპოთეკარებზე იპოთეკის ბაზრის 34% მოდის, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და “სწორედ ამ მაჩვენებლის უკან დგას ოჯახური ტრაგედიები. ერთის მხრივ გვინდა რომ წახალისდეს კერძო ინიციატივა, მაგრამ არ დავუშვებთ უმწეო და უქონელი ადამიანების ქუჩაში დატოვებას”._ აცხადებს იუსტიციის მინისტრი.